20 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
პრემიების აღებაში ლიდერი გამგეობა და საკრებულოს წევრების მივლინებებში არამიზნობრივად დახარჯული თანხები

71 ათას 495 ლარი და 55 თეთრი-სწორედ ამდენი შეადგინა თანხამ, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის, განყოფილებების უფროსებმა და მათმა მოადგილეებმა, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეში სახელფასო დანამატებისა და პრემიების სახით მიიღეს. გამგებელი ბექა მიქაუტაძე აცხადებს, რომ მისი უწყება ამ სამი თვის განმავლობაში ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობდა და სტიქიის შედეგებს ებრძოდა.

ბიუჯეტის, როგორც თავად ამბობს "ბრწყინვალე" შესრულებისთვის გამგებელმა პრემია მხოლოდ ერთხელ, აგვისტოს თვეში ხელფასის ოდენობის ნახევარი, ათას 300 ლარი აიღო.

საბურთალოს გამგეობა ზაფხულის პერიოდში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის კუთხით ლიდერია.

უკანასკნელი სკანდალი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოს 4 წევრის ბრისტოლში ვიზიტისას აგორდა. ძვირადღირებულ სასტუმროში ღამის გათევა მხოლოდ ერთ ჩინოვნიკს 900 გირვანქა სტერლინგი, დაახლოებით სამი ათასი ლარი დაუჯდა.

საკრებულოს წევრების შემდეგ იმავე ქალაქში ოფიციალური ვიზიტით უკვე დედაქალაქის მერი გაემგზავრა, სწორედ ბრისტოლში შეიტყო ნარმანიამ, რომ თანამდებობა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ უკვე ოფიციალურადაც დატოვა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მერიაში ვაკანტური თანამდებობების რიცხვს მერის მოადგილის გიორგი სოლომონიას პოსტიც დაემატება, მათი მოსაზრებით ასევე გადადგება გამწვანების სამსახურის უფროსი და თანამდებობის დატოვება მოუწევს ქვეყნის ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ცოლის ძმასაც, რომელიც დიპლომების სკანდალში გაეხვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები და არა მარტო ისინი თბილისის მერისგან საკრებულში მისვლასა და განმარტებების გაკეთებას ითხოვენ.

თბილისის მერის საკრებულოში მისაყვანად ოპოზიციას ხმები არ ჰყოფნის, მმართველი პარტია კი მიიჩნევს, რომ მერიაში ბუნებრივი მუშა პროცესი მიმდინარეობს და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მერისგან დამატებითი განმარტებების მიღების საჭიროება არ დგას. 

ავტორი:გიორგი გვიშიანი

დღის ამბები