საქართველოს ბოლო სოფელში 34-მა დაკარგულმა ძროხამ დიდ ამბებს მისცა ბიძგი. ეთნიკურად 100 პროცენტით სომხური კარწახი ერთიანად ადგა და ზედ საქართველო-თურქეთის საზღვარზე გაჭრილი სარკინიგზო გვირაბის შესასვლელი გადაკეტა.
აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც ბაქო-ყარსის ტრანსკონტინენტურ მაგისტრალს აშენებს, მუშაობა შეწყვიტა. სოფლის მოთხოვნა ნახირის თურქეთში მოძებნა და დაბრუნება იყო.
პროექტის შემსრულებელი კომპანიისა და ადგილობრივთა ეთნიკური წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორია. ყარსის რკინიგზა, ზოგადად, ამ დაპირისპირებას ბევრჯერ შეეწირა. პროექტი ჯერ კიდევ ზოგადი საუბრის სტადიაზე იყო, როდესაც შეერთებული შტატების კონგრესში სომხურმა ლობიმ გაიტანა გადაწყვეტილება ფედერალური სახსრებით მისი დაფინანსების აკრძალვის შესახებ. ფორმულირება ცალსახა იყო - ”ახალი რკინიგზა გამოთიშავს სომხეთს რეგიონული თანაშრომლობიდან.”
კონგრესის გადაწვეტილებიდან ერთი წლის შემდეგ 2007 წლის ბოლოს, ახალი რკინიგზის მშენებლობის დაფინანსება საკუთარ თავზე თურქეთმა და აზერბაიჯანმა აიღეს. ამ უკანასკნელმა იტვირთა ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული სამუშაოს ღირებულებაც.
სულ მალე 10 წელი სრულდება, რაც სომხურმა ლობიმ ყარსის რკინიგზის აქტიურ ბლოკირებას მიჰყო ხელი. პარალელურად 4 წლით დაიგვიანა სტამბოლის ევროპული და აზიური ნაპირების დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის გახსნამ, რომელიც 4 მილიარდი ღირდა და ახალქალაქი-ყარსის დამაკავშირებელ 29-კილომეტრიან ახალ მონაკვეთთან ერთად, ბოლო რგოლი უნდა გახდეს ჩინეთიდან ლონდონამდე უწყვეტი სარკინიგზო მიმოსვლის დასაწყებად.
ავტორი:თენგო გოგოტიშვილი