ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე კვირაზე მეტია საქართველოში ინიციირებულ "გამჭვირვალობის" კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები ერთი და იგივე კონტექსტით ისმის. ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის შინაარსიც იგივეა.
"ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას" - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი.
"ჩვენ კვლავ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით და მისი პირველი მოსმენით მიღების გამო, განსაკუთრებით იმით, თუ როგორ ახდენს სტიგმატიზაციას და მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ისინი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ნებისმიერ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.
რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ვნახეთ, რომ მსგავსი სახის კანონმდებლობა გამოიყენებოდა კრემლის მიერ, არა მხოლოდ კრემლის, არამედ სხვა რეპრესიული მთავრობების მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და სისტემატური რეპრესირებისთვის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა გამჭვირვალობის ხელშეწყობის დადგენილ მიზანთან შესაბამისობაშია", - აცხადებს პატელი.