გორში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის შედეგებს და სამხედრო პოლიციის გამოძიებას ელოდება.
თამაზ თამარაშვილი სამხედრო ბაზაზე გუშინ დაიღუპა. გამოძიება მომხდარის შესახებ ჯერ არ საუბრობს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები დაუდევრობის ვერსიას გამორიცხავენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობიდან გამომდინარე აცხადებენ, რომ პირველი კლასის რიგითი მოკლეს.
რიგითებს საკუთარი თანამებრძოლის დაღუპვაზე საუბარი არ სურთ. ამ თემაზე დუმილს ამჯობინებენ ოფიცრებიც, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა სამხედრო ნაწილში მსგავსი ინციდენტების პრევენცია.
თავდაცვის უწყებისგან განსხვავებით სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს საკანონმდებლო ორგანო. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს პირადად მიაწოდოს.
თამაზ თამარაშვილი მეორე სამხედროა, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაიღუპა.
ავტორი: დავით კაკულია.