16 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლისას.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობის და კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი. თქვენი გმირული წარსულითა და ტრადიციებით ქმნით დღევანდელობას და ღირსეულად მიგვიძღვებით მომავალი გამარჯვებებისკენ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ძალების დღეს სწორედ თქვენთან ერთად აღვნიშნავთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით.

"ჩვენი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები მტკიცედ იცავდნენ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა დროს მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მათ საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოიჩინეს და პატივისცემა და ქება დაიმსახურეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე.

"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ პირიქით - ათწლეულიდან ათწლეულამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას. რუსეთის მიერ ისტორიული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენ გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები - ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ ძლიერი თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას, რომ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ისე სხვა ფორმატებში თქვენს დასახმარებლად, საუკეთესო ტექნოლოგიებით აღსაჭურვად, წვრთნებით, შეიარაღებით ხელი შევუწყოთ თავდაცვის ძალების გაძლიერებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები