16 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეხვდა

საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომელიც სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას გულისხმობს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი თვის წინ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დააინიცირა.

"კონსტიტუციური კანონის პროექტი თავისი მნიშვნელობით და ზოგადად, ის რაც კონსტიტუციაშია ყოველთვის ეხება ქვეყნის მოწყობის და საზოგადოების თანაცხოვრების პრინციპულ საკითხებს. ამიტომ, ამ პრინციპებში ნებისმიერი ცვლილება, დამატება და სიახლე ყოველთვის საჭიროებს განსაკუთრებულ დაფიქრებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ თუ პარლამენტი გადაწყვეტს რაიმე შეცვალოს ან დაამატოს კონსტიტუციაში, მიიღოს კონსტიტუციური კანონი, ვალდებულია ამ საკითხის პარლამენტში განხილვის დაწყებამდე შექმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია და ერთი თვის განმავლობაში ჰკითხოს საზოგადოებას," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულებრივი კანონების პაკეტს დააინიცირებს და მას მიმდინარე მოწვევის პარლამენტი აუცილებლად მიიღებს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის საკმარისო კვორუმი აქვს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ კონსტიტუციაში ცვლილებას და კონსტიტუციურ კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და ამის გამო ამ პროექტების მიღება ვერ მოხდება, მაშინ არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პირველ საკითხად სწორედ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

შეხვედრისას, საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით მათიკაშვილმა და თენგიზ შარმანაშვილმა.

სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ოჯახურ ღირებულებათა, არასრულწლოვანთა ინტერესების და მომავალი თაობის არაჯანსაღი პროპაგანდისგან დაცვა მნიშვნელოვანია. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა დაასრულა და მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგებს პარლამენტს წარუდგენს.

დღის ამბები