აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას რუსთავი2-თან დაკავშირებით ექსპერტები აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკამ საქართველოს გაფრთხილება მისცა და ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდა.
"ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ყვითელი ბარათი. როცა ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან, გულდასმით, ნიშნავს, რომ ეს მათთვის სულერთი არ არის. ეს შეიძლება იყოს კატასტროფული შედეგის მომტანი როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მთავრობისათვის.
ამერიკამ საქართველოში ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო და თუ კიდევ ერთხელ გაუცრუვდებათ იმედები ეს ჩვენთვის შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იყოს,"-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკაში დავით სიხარულიძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიტყვის თავისუფლების არსებობა.
"ეს ძალიან სერიოზული თემა არის. საქართველოს ფასი მსოფლიოში განისაზღვრება იმით, თუ რამდენად დემოკრატიულია ეს ქვეყანა. დემოკრატიულობას კი რამდნეიმე ფაქტორი, მათ შორის მედიის დამოუკიდებლობა განსაზღვრავს. საქართველოს მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული მედიის თავისუფლებასთან,"- აცხადებს დავით სიხარულიძე.