რუსთავი 2-ის მიერ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებში კარგად ისმის როგორ ითხოვენ ქართველები დახმარებას. 40-მდე ემიგრანტი ათენის ციხეში უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება. ისინი ბერძენმა სამართალდამცველებმა სხვადსხვა საავადმყოფოში დააკავეს, სადაც არალეგალურად მუშაობდნენ. 100 დაკავებულიდან ნაწილი რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.
ათენის მიგრანტების საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქართველები შესაძლოა, რამდენიმე წლით დააპატიმრონ ან დეპორტაციით საქართველოში დააბრუნონ. ავთო გიუნაშვილის განცხადებით, დაკავებულებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. ემიგრანტები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს საკონსულოს საბუთების მოწესრიგებას სთხოვენ.
საქართველოს საკონსულოში კომენტარს არ აკეთებენ. დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელმა, იოსებ ნანობაშვილმა, დღეს პირველად დაკავებული ქართველებიც ნახა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
კურიერის სატელეფონო ზარებს არც საკონსულოში უპასუხეს. ამ თემაზე მცირე კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქმის დეტალებს არ იცნობს.
ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ფატი მდორეული.