თბილისის მერმა კახა კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები არ არსებობს.
კალაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს, ქვეყანაში უცხოური გავლენების შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი და რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხი - "იმიტომ". ის, რაც ნებადართულია, მაგალითად საფრანგეთისთვის (სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი), აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის.
მინდა, შევახსენო ყველას, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხილი პარტია, რომლის გაუაზრებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები.
თუმცა, მაშინ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფერს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებენ. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა. მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და დამკვეთების დავალებების შესრულებაა. ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება არგუმენტს - "იმიტომ" გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი. საქართველოს ინტერესების დაცვა, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა - ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რის გამოც "ქართულ ოცნებას" აქვს მოსახლეობის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა," - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო გუშინ, 28 მაისს დაძლია.