„ხელისუფლების ინტერესი ჩანს, რომ მან, გარკვეულწილად, მედიაგარემო გააკონტროლოს ,"-ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, განჩინება, რომლითაც რუსთავი 2-ის ქონებას ყადაღა დაედო, დასაბუთების შესაბამის სტანდარტს მოკლებულია.
„ხელისუფლების ინტერესი ჩანს, რომ მან, გარკვეულწილად, მედიაგარემო გააკონტროლოს. მას, რა თქმა უნდა, აქვს ინტერესი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზია არ იყოს ხელმისაწვდომი ოპოზიციური ძალებისთვის. ამიტომ ამ ეჭვებს, სამართლებრივ ნაწილში ჩვენ მივიჩნევთ, რომ განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის ქონებას დასაბუთების სათანადო სტანდარტს მოკლებულია. ქუთაისში განვითარებული მოვლენებიც ამტკიცებს იმ ძალიან სერიოზულ ეჭვებს, რომელიც არსებობს, რომ ხელისუფლება თანდათან სულ უფროდაუფრო ნაკლებად შემწყნარებელი გახდა განსხვავებული აზრის მიმართ,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი