ანაკლიის პორტის პროექტის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს ვიცე-პრემიერი. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ გამარჯვებული კონსორციუმი არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია და ის შედის მსოფლიოს 500-ს წამყვან, მსხვილ კომპანიას შორის.
უმრავლესობა "ლელოს" ლიდერს წარსულში გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს და ამბობს, რომ მან, თავის დროზე, ინვესტორების მოძიებაც ვერ შეძლო, ახლა კი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის მიზანმიმართულ დაზიანებას ცდილობს.
"მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ეს ადამიანები არიან ნასამართლევი თაღლითობისთვის და ეს არავის უნდა დაავიწყდეს. ოფიციალურად გასამართლებული არიან თაღლითობაზე. თაღლითობა ბიზნესში და თაღლითობა პოლიტიკაში ალბათ, ერთმანეთისგან შორს არ დგას. ამიტომ, ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც თაღლითობაზე არიან ნასამართლევი. არ ვიცი, ეს თაღლითობა იყო, თუ რა, თავის დროზე ანაკლიის საკითხი ხომ ყველას გვახსოვს, ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვუყურებდით, რაც ხდებოდა! ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი მამუკა ხაზარაძეს, რომელიც იძლეოდა დაპირებებს, რომ შემოეყვანა სხვადასხვა ინვესტორი. ვინც კი მოჰყავდა, ყველა მოდიოდა იმ პირობით, რომ ჰქონოდათ უშრომელი ფული. ეს იყო, საბოლოო ჯამში, რაც ვნახეთ.
სახელმწიფომ, რამდენჯერმე, ათჯერ მეტი იყო თუ არ ვცდები, გადავადება, მათთვის ვალდებულების შესრულების ვადებისა და ბოლოს გახსოვთ, არც კი ერიდებოდნენ, საჯაროდ ამას ეუბნებოდნენ და საყვედურობდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ როგორ არ დავთანხმდით მოქალაქეები, რომ მიგვეცა გარანტია მამუკა ხაზარაძისთვის, რომ მისი ბიზნესი ანაკლიაში, მიუხედავად იმისა, მოგებას მოიტანდა თუ არა, ჩვენ მოქალაქეები ჩვენი ჯიბიდან დავუფინანსებდით მას მოგებას,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.