16 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორი ახლის წინააღმდეგ - რატომ არ მოსწონს მამუკა ხაზარაძეს ჩინური კომპანია და რას პასუხობენ მას “ოცნებაში“

მმართველი გუნდი ანაკლიის პორტის ყოფილ ინვესტორს და ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ჩინური “სისისი“ ჯგუფისთვის გადაცემაზე, რაც ყოფილი ბანკირის მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა.

ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ჩინური ინვესტიციით, ხელისუფლებას პორტში რუსული ინტერესები შემოჰყავს. პოლიტიკურ ოპონენტს მმართველი გუნდის ლიდერებმა დღეს წარსულში ჩინელ პარტნიორებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ მამუკა ხაზარაძე ქვეყნის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს საკუთარი წარუმატებლობის გადასაფარად უპირისპირდება.

რატომ არ მიიჩნევდა რამდენიმე წლის წინ ჩინურ კომპანიებს ეკონომიკური და რუსული ექსპანსიის ნაწილად - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მამუკა ხაზარაძეს დღეს გაუჭირდა. მეტიც - თქვა, რომ პორტის მშენებლობის პროცესში ჩინელებს ამერიკელების დასაბალანსებლად იწვევდა. ლიდერის პოზიციას იზიარებენ “ლელოშიც“, სადაც ამტკიცებენ, რომ არ იციან, ვის ხელში იქნება პორტის საკონტროლო პაკეტი.

“ლელოს“ ლიდერების მოსაზრება დღეს ირიბად გახარიას გუნდში გაიზიარეს. წარსულში სწორედ ანაკლიის პროექტის გამო “ლელოსთან“ დაპირისპირებული ექს-პრემიერის გუნდში დღეს ხაზარაძის მხრიდან სატენდერო პირობების შეუსრულებლობაზე არაფერი უთქვამთ.

საუბარს ჩინეთის გავლით რუსული ინტერესების შემოსვლაზე დაუსაბუთებელს უწოდებენ “გირჩში“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე დღეს მთავრობის მეთაურმა და ვიცე-პრემიერმაც ისაუბრეს. მათი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს ევროკავშირთან ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის ტვირთბრუნვა აქვს, ნავსადგურს ეკონომიკის სტიმულირებისთვის სერიოზული ფუნქციის შესრულება შეუძლია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში თემის პოლიტიზების უკან, ქვეყნის დაზიანების ინტერესებს ხედავენ. ამბობენ, რომ ჩინური კომპანია და ტვირთები ქვეყნის, როგორც შუა დერეფნის პოტენციალს გაზრდის.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური “სისისი კონსორციუმი“ ააშენებს. პორტის საკონტროლო პაკეტი საქართველოს სახელმწიფოს ექნება. გეგმის მიხედვით, ანაკლიამ, პირველ ეტაპზე, 8 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება უნდა შეძლოს.

დღის ამბები