წყალდიდობის შედეგად დატბორილ ქობულეთში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. ქუჩებზე და ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა გაიხსნა. ნაწილობრივ აღდგენილია ელექტრომომარაგებაც.
შიდა გზებზე კი წყლის დონე კვალავ მაღალია, რაც ართულებს ადგილობრივებისთვის ტერიტორიაზე გადაადგილებას. მათ შორისაა რუსთაველის ქუჩაც. მოსახლეობის ნაწილი ვერ ახერხებს ეზოებიდან გამოსვლას.
დატბორილია სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ადგილობრივებს დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
რუსთაველის ქუჩის გარდა, მძიმე ვითარება იყო ქობულეთის სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც, სადაც მაშველებმა ამოტუმბვის სამუშაოები დაიწყეს და ამ დროისთვის ქობულეთის მასშტაბით მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და ქობულეთის მერი ზარალის ზუსტ ოდენობაზე ვერ საუბრობენ. კომისია უკვე შექმნილია და სავარაუდოდ სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
„დაახლოებით ჩვენი დათვლებით, 800-დან ათასამდე ოჯახია ამ ეტაპზე დატბორილი და სხვადასხვა ზიანი აქვთ მიყენებული. წყლისა და გაზის მიწოდება უწყვეტად მიმდინარეობს, არ შეჩერებულა. გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
წუხანდელი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ ქალაქის ნახევრის პარალიზება გამოიწვია. დროებით გადაკეტილი იყო ქობულეთი, ბათუმის მაგისტრალიც, მაგრამ ამ დროისთვის მოძრაობა გახსნილია.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.