სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორია დღეს ყვითელი ლენტებით იყო შემოსაზღვრული. შუადღისას თბილისის ცენტრალურ უბანში ოცამდე გასროლა მოხდა. პოლიციამ ადგილზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ნოდარ დობორჯგინიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ისროდა, თუმცა მისი ოჯახი ირწმუნება, რომ დობორჯგინიძე დაზარალებულია და მას სახლთან გაუხსნეს ცეცხლი.
ორმხრივი სროლა თაბუკაშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაცხრილულია ავტომანქანა, ასევე სასტუმრო რედისონის შუშები.
ნოდარ დობორჯგინიძე 2 წლის წინ სადახლოს გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა, სადაც 2 პირი მოკლეს, თუმცა მაშინ დობორჯგინიძე გირაოთი გაათავისუფლეს. რა შედეგით დასრულდება თბილისის მორიგი კრიმინალური ფაქტის გამოძიება ჯერჯერობით უცნობია.
სროლაში მონაწილე მეორე პირი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი