გადაწყვეტილება მიღებულია–კომუნალურ ვაუჩერს თბილისში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს, თუმცა საკრებულოს უმრავლესობაში ამ დროისთვის პროექტის დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.
თვითმმართველობის ორგანოში მალე მსჯელობა დაიწყება, რა ნაწილში უნდა გადაიხედოს პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტი. საკრებულოს უმრავლესობამ დღეს მოსახლეობასაც მოუწოდა, შესაძლებლობის შემთხვევაში საკუთარი ვაუჩერი დედაქალაქის ნაკლებად შეძლებული ნაწილისთვის დათმოს.
პარალელურად, თბილისის მერია ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდით გამოწვეულ სხვაობას მხოლოდ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებზე გასცემს, ვისაც სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლები აქვთ.
საკრებულოს უმრავლესობას დღეს იმის აღიარება მოუწია, რომ კომუნალური შეღავათების გაკეთება სოციალური ფონიდან გამომდინარე აუცილებელია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას ბიუჯეტში დამატებით 10 მილიონი დასჭირდება.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საჭირო ფინანსებს ისევ ბიუჯეტის ხარჯების გადახედვა დაჭირდება. საკითხზე კი უახლოეს პერიოდში საკრებულო იმსჯელებს.
მოქალაქეები 20 ლარიან შეღავათს 5 თვის განმავლობაში მიიღებენ. ცვლილების მიხედვით, 70 ათას ქულაზე ნაკლები პირებისთვის დენის ტარიფის ზრდით გამოწვეული სხვაობის დაფარვაც უნდა მოხდეს.
ავტორები: ანა წერეთელი, ეკო მაღრაძე, ვახტანგ ბუნტური, ქეთავან ჯაფარიძე.