სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამერიკის ელჩს შეხვდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ განცხადება, რომელიც ელჩმა შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
გვარამია აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმე არის მთავრობის მიერ მართული, ხოლო მოსამართლე მთავრობას წარმოადგენს. იგი მოუწოდებს მთავრობას გაითვალისწინოს ქვეყნის ყველაზე ახლო პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის და საელჩოს განცხადება.
"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა დაუყონებლივ შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ვულოცავ საქართველოს, რომ მან ნამდვილი მეგობარი შეიძინა ამერიკის ელჩის სახით, ძალიან საინტერესო ადამიანი.
განცხადება არის ძალიან დიპლომატიური თუმცა მკაცრი, თუ მიაქცევთ ყურადღებას ამ განცხადებაში თავის მოკატუნების მიზნით ნახსენები არ არის სასამართლო იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ეს პლატფორმაა იმისათვის რომ "გაპრავდეს" თითქოს ეს არის სამართლებრივი საქმე. ყველამ იცის, რომ სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური საქმე.
სამჯერ ამ განცხადებაში მთავრობაა ნახსენები, სწორედ მთავრობას მიმართავს ამერიკის ელჩი და არავის სხვას. ეს საქმე მთავრობის მიერ არის ინსპირირებული, მთავრობა მართავს მას და მოსამართლე წარმოადგენს მთავრობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სანამ დრო აქვს სახის გადარჩენის, შეისმინოს ამ ქვეყნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორის განცხადება,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.