16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო 2012 წელს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება არ მოხდებოდა - თეონა აქუბარდია

ვაშინგტონის სანქციები და სავიზო შეზღუდვები ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა საქართველოში. მმართველი გუნდის განცხადებას, რომ სტრატეგიული პარტნიორი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, ოპოზიციაში ეხმაურებიან. მმართველი პარტიის შეკითხვას, რატომ არ ჰქონდა შტატებს რეაგირება 2007 წლის 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე, ოპოზიცია გადაწყვეტილების განსხვავებულ მოტივებზე საუბრობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან და იმ მოვლენებისა და დღევანდელი პროცესების შედარება არარელევანტურია.

“ჩემთვის მიუღებელია, რომ ის ადამიანები საუბრობენ 2007 წლის 7 ნოემბერზე, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გვერდით იდგნენ მაშინ და ახლა საუბრობენ იმ დანაშაულებზე, რომლებსაც ჰქონდა ადგილი. თუ შევადარებთ 7 ნოემბერს დღევანდელ რეალობასთან, 7 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადგა და იმავდროულად, მიხეილ სააკაშვილს არ შეუცვლია ქვეყნის საგარეო ვექტორი და დასავლეთისგან იზოლაცია არ დაუწყია. შესაბამისად, არა რელევანტური შედარებაა. შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო 2012 წელს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება არ მოხდებოდა,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ალექსანდრე კრევო-ასათიანი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას“ ყველა კრიტიკაზე ერთი პასუხი აქვს და ეს წინა ხელისუფლების მოვლენების გახსენებაა.

“ქართულმა ოცნებამ არ იცის რა გააკეთოს ამ ქვეყანაში, არ იცის, რისთვის არის მოსული ხელისუფლებაში. არც ერთი კანონპროექტი, რაც ხალხისთვის სასარგებლოა, არ გაუტანიათ საქართველოს პარლამენტში ამ 12 წლის განმავლობაში. მათი ერთადერთი პასუხი ყველა კრიტიკაზე არის, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს,“ - აცხადებს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.

დღის ამბები