ვაშინგტონის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები გრძელდება მმართველ გუნდში. უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სახის შეზღუდვისთვის მზად არიან, რადგან მათი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ უსაგნო და უარგუმენტო სანქციები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ცვლილებებია საჭირო.
“მირჩევნია მე დავსანქცირდე, ვიდრე შემდეგ ის ტრაგედიები გადაიტანოს ჩემმა ქვეყანამ და ოჯახმა, რაც უკრაინაში ხდება. ასე, რომ არჩევანი აქ მარტივია და მთელი გუნდი უყოყმანოდ მზად ვიყავით ამისთვის. ეს უსაგნო და უარგუმენტო სანქციები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ცვლილებებია საჭირო, რომ გადატვირთვა მოხდეს. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის გამეფებული მსოფლიოში, დიდხანს ვერ გასტანს. მე დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის არჩევნები თავის შედეგს მოიტანს და ეს ლიბერალური ფაშიზმი დამარცხდება და ასევე, ველოდები რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიდი ცვლილებები მოხდება არჩევნების შემდეგ,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.