დაარსებიდან რამდენიმე თვეში პარტია "ახალი" ბაჩო დოლიძემ დატოვა. "კურიერის" ინფორმაციით, ნაცმოძრაობიდან ნიკა მელიასთან ერთად ხმაურით წამოსულ პოლიტიკოსს, პრეტენზია ახლა თავად გვარამია-მელიას ტანდემთან აქვს.
როგორც "კურიერს" უყვებიან, დოლიძესა და "ახალის" თანათავმჯდომარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი პარტიის მართვის ერთპიროვნული სტილი გახდა. თავად დოლიძე დღეს კამერებთან არ გამოჩენილა. მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი იყო ნიკა გვარამიას პასუხი. გვარამია ფაქტს უარყოფს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ დამატებით კომენტარს დოლიძის ოფიციალური განცხადების შემდეგ გააკეთებს.
პოლიტიკური რყევები გავრამია-მელიას ახლადშექმნილ პარტიაში არ უკვირს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ "ახალი" "ნაციონალური მოძრობის" იდეური დანამატია, შესაბამისად, იქ მმართველობის სტილიც არადემოკრატიული უნდა იყოს. "ოცნების" წევრების აზრით, დოლიძის საკითხი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობის განშტოებებს სიმულაციური გაერთიანებაც კი არ შეუძლიათ.
ერთ წელიწადში ორი პარტიიდან წასვლა იდენტური მიზეზით - დოლიძის ამ გადაწყვეტილებას "გირჩში" პოლიტიკური პარტიების იდეურ კრიზისს და ე.წ. ბელადების ირგვლივ კონსოლიდირებას უკავშირებენ. ყოფილი თანაპარტიელის გადაწყვეტილება მოულოდნელი არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის აღმოჩენილა.
დოლიძის შემთხვევა ოპოზიციაში არსებულ ზოგად სიტუაციას დაუკავშირა პარლამენტის სპიკერმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ რაიმე სახის გაერთიანების შანსი არ აქვთ. მიზეზი, პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ლობისტებზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანიაა, რომელიც გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული.
"ახალი", რამდენიმე თვის წინ, ნაცმოძრაობის ყოფილი სახეებისა და ნიკა გვარამიას თანამოაზრეებისგან დაკომპლექტდა. პარტიის დატოვების სავარაუდო მიზეზებზე, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, სავარაუდოდ, განმარტებებს უახლოეს მომავალში გააკეთებს.