16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან და ევროპისკენ მიმავალ გზაზე არა დაბრკოლებების შექმნას, არამედ ხელის მეტად შეწყობას - მაკა ბოჭორიშვილი

"საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან და საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე არა დაბრკოლებების შექმნას, არამედ ხელის მეტად შეწყობას", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, გასულ კვირას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევროპული არჩევნები გაიმართა და ევროპის მოქალაქეებმა აირჩიეს ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ევროპარლამენტში დაახლოებით 25-პროცენტიანი მხარდაჭერით კვლავ ევროპის სახალხო პარტია იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, შეუძლებელია უყურადღებოდ დარჩეს ის ტენდენციები, რომელიც გამოიკვეთა 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში შესამჩნევია მმართველი პოლიტიკური ელიტების მიმართ ამომრჩევლის მხრიდან მზარდი უნდობლობა, რამაც რიგ შემთხვევაში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას შეუწყო ხელი.

გერმანიაში, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები დამარცხდნენ, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწია საფრანგეთის პრეზიდენტს, ბელგიის პრემიერ-მინისტრს კი - გადადგომა. არჩევნების შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ ევროპის მოსახლეობა უფრო მეტად კონსერვატიული ფასეულობებს მხარდამჭერია. ყველაზე მეტი მანდატი ახალ ევროპარლამენტში სწორედ ლიბერალურმა პოლიტიკურმა ოჯახებმა დაკარგეს. პოლიტიკური ჯგუფების საბოლოო ფორმირებისთვის, წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების პერიოდია და ეს პროცესი უფრო მეტად ცხადყოფს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგები ევროპარლამენტის მუშაობაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ცვლილებები ევროკავშირის პოლიტიკაში ნაკლებად მოსალოდნელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, ევროკომისიის ახალი დღის წესრიგისა და შემადგენლობის ფორმირებისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა დარჩეს პრიორიტეტულ მიმართულებად.

"საქართველოს და ევროკავშირს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოუწევს ერთად მუშაობა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოვემზადოთ ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მომენტისთვის. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ორივე მხარე უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს იმგვარად, რომ ევროკავშირმა შეძლოს ახალი წევრების მიღება და საქართველოც, თავის მხრივ, საჭირო დროს, მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. ამისთვის გვჭირდება პირველ რიგში მშვიდობა და პოლიტიკური პროცესის სტაბილურობა ქვეყანაში.

ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა იყოს მტკიცე, სხვაგვარად, ცხადია, დასახულ მიზანთან მიახლოება რთული იქნება. სწორედ ამისთვის იბრძვის დღევანდელი ხელისუფლება, რომ საფრთხე არ დაემუქროს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ მომავალს. სხვა მხრივ, ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია სწორი რეფორმების გზით, საქართველო ვატაროთ წინ და უფრო მოწინავე ადგილი დავიკავოთ თანამედროვე დემოკრატიული სამყაროს წევრებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ყურადღება გაამახვილა კვლევის შედეგებზე. მისივე თქმით, ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო 45 ადგილით თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიაკუთვნა მმართველობის მიხედვით, რაც აჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ ევროპაში სარეიტინგო პროგრესით საქართველო პირველ ადგილზეა.

დღის ამბები