“ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა, პოლიციას კი არა, მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში,“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალი მთავრობის პირობებში, პოლიციელთა დიდ ნაწილს სამსახურის დატოვება მოუწევს.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ძალაუფლება სჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილის “ჩარეცხვა“ და გარიყვა შეძლოს.
“ეს ხალხი თუ ხელისუფლებაში მოვიდა, პოლიციას კი არა, მთელ საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. საქმე გვაქვს “ნაციონალური მოძრაობის“ ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომელთათვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის ღირსება, სახელმწიფო ინსტიტუტები და ქართველი ხალხი. ეს არის ძალა, რომელიც არის მარიონეტი გარე ძალებისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს სახელმწიფო ქსოვილის მოშლა - დაიწყეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების “ჩარეცხვა“, გარიყვა. ზუსტად ამას აკეთებენ დღესაც, ოღონდ ისე, რომ ძალაუფლება არ აქვთ და ამისთვის სჭირდებათ ძალაუფლება,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.