საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტი და სიმსივნის ადრონული თერაპიის ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ განზრახულობათა ოქმი მთავრობის კანცელარიაში გაფორმდა. დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს მთავრობა, ქართუ ფონდი და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია.
მშენებლობას მთლიანად ქართუ დააფინანსებს და მისი ღირებულება ნახევარი მილიარდი ევროა. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია ცენტრის გახსნისთვის საჭირო კონსულტაციები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან.
„მე გიას მინდა გადავუხადო დიდი მადლობა, რომელმაც პირველი დღიდან და ინიციატივიდან, ინიციატივა ჩემი იყო მართლაც და გიასგან მივიღე პირველივე ზარი, გულწრფელი მხარდაჭერა და სურვილი, რომ საქართვლოში შეიქმნას ასეთი სამეცნიერო ცენტრი. მე ცოტა განსხვავებული აზრი მქონდა და მისი დახვეწილია ის ფორმა, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ,“ - განაცხადა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა.
თავად გია დვალი ამბობს, რომ მთავარი სირთულეები წინ არის, რადგან ასეთი ცენტრის შექმნა ურთულესი გასაკეთებელია, რასაც მისი თქმით დასჭირდება დიდი თანადგომა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და დიდი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით.
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი აღნიშნულ პროექტს რევოლუციურს უწოდებს.
„ეს არის რევოლუციური პროექტი საქართვლოში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა იქნება დაახლოებით მეხუთე მთელს მსოფლიოში სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება. ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტში ჩაერთვებიან ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.