ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხის განხილვა უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, მზაკვრული აქტორები ერთმანეთისაგან ხალხის, საზოგადოების და ხელისუფლების გამიჯვნას ცდილობენ.
მისი განმარტებით, ეს არის ყველაზე არაევროპული, რაც შეიძლება ადამიანებმა მოიმოქმედონ, ვინაიდან ხელისუფლება წარმოადგენს ხალხს და ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
"მზაკვრული აქტორები ცდილობენ ხალხი, საზოგადოება და ხელისუფლება გამიჯნონ ერთმანეთისაგან. ეს არის ყველაზე არაევროპული რაც შეიძლება ადამიანებმა მოიმოქმედონ, ვინაიდან ხელისუფლება წარმოადგენს ხალხს და ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, არაერთხელ ყოფილა, როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიუღიათ საქართველოსთან მიმართებით და შემდეგ მოუწიათ ბოდიშის მოხდა და იმის აღიარება, რომ კანდიდატის სტატუსის ნაცვლად პერსპექტივის მონიჭება იყო ძალიან დიდი შეცდომა. ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, ამ მინისტერიალზე მსგავსო საკითხები არ დადგება, ვინაიდან საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი ეროვნული მისწრაფებებისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ანალოგიურად ხდება ევროკავშირის ქვეყნებში, ცხადია მხოლოდ და მხოლოდ ორმაგი სტანდარტების შეგრძნებას გაამძაფრებს ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ, ცალკე ისტორიაში შევა ის უსამშობლო აჟიოტაჟი, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია და ისინი ამ პროცესშიც აჩვენებენ, რომ სინამდვილეში, ისინი გულშემატკივრობენ არა საქართველოს, არამედ საქართველოს ღალატს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ლუქსემბურგში ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო სხდომა იმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.