ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის შენობაში ქართული დელეგაცია განსხვავებული სტატუსით შევიდა.
საქპატენტის ხელმძღვანელმა, ნიკა გოგოლიძემ, გენერალური ასამბლეის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, რომ საქართველო კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ანუ იგივე დსთ-ის ჯგუფიდან, ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ჯგუფში გადავიდა.
გენერალურ ასამბლეაში მონაწილე 188 წევრი ქვეყნის 1800-ზე მეტ დელეგატს საქართველოს ყველა კუთხისთვის, მათ შორის აფხაზეთისა და ოსეთისთვის, დამახასიათებელი ნაციონალური ტანსაცმლის, არქეოლოგიური აღმოჩენებისა და მუზეუმებში დაცული უძველესი ნივთების დათვალიერების შესაძლებლობა ორი კვირის განმავლობაში ექნება.
ქართული ანბანი კი, რომელსაც უახლოეს მომავალში იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებს, გაეროს შენობაში გამოფენილი მუდმივად დარჩება.
გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული აკადემიის გახსნას გულისხმობს.
სასწავლებლის მიზანი სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გადამზადება იქნება, რომლებიც საკუთრების კუთხით მუშაობას შეძლებენ.
ავტორი: ეკა გაგუა