ავთანდილ კვარაცხელია, რომელიც აცხადებს, რომ ქართუ ჯგუფმა მას ქონება უკანონოდ ჩამოართვა, ფაბრიკა ამირანის დასაბრუნებლად პროკურატურაში ახლადშექმნილ იმ დეპარტამენტში იმყოფებოდა, რომელიც საკუთრების უფლების ხელყოფისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს.
"მეც მივმართე ამ დეპარტამენტს. მიმართა ჩემმა 280-მა აქციონერმაც და მოვახერხე, რომ შევხვედროდით მის თანამშრომელს ვინმე მიქავას. მან პირდაპირ მითხრა, თუ ეს ეხება სააკაშვილს კიბატონო, თუ სააკაშვილს არ ეხება მაშინ არ ვმუშაობთ. მე ვუთთახრი, თუ მართლა აპირებთ სამართლიანობის აღდგენას უნდა დამისაბუთოთ, რომ მეკუთვნის, ან არ მეკუთვნის და მე გავჩუმდები"-აცხადებს ავთანდილ კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ ფაბრიკა ამირანის 52%-იან წილს 1993 წლიდან კოლექტივი ფლობდა. ერთ-ერთი მათგანია ავთანდილ კვარაცხელია, რომელიც ასევე იყო ფაბრიკის დირექტორი. 1998 წელს მას ქართუ ჯგუფმა ტერიტორიის დათმობა შესთავაზა რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით კვარაცხელიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ის დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში გაიყიდა აუქციონზე ფაბრიკა ამირანი და ტერიტორია, რომელზეც ის იყო განლაგებული. მრავალმილიონიანი ქონება ქართუ ჯგუფის მიერ დაარსებულმა კომპანია ქართუ ლიზინგმა შეიძინა.