20 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
უგულავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები და პროკურატურის მოწმეებისთვის ჩარიცხული თანხები

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში თბილსერვისის საქმეზე მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე იმყოფება.აღსანიშნავია, რომ უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მისივე ყოფილმა მოადგილემ ტარიელ ხიზანიშვილმა და დასუფთავების სამსახურის ყოფილმა უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა მისცეს.

სწორედ თორნიკე შიოლაშვილის არის კომპანია ენკო. ამ კომპანიას კი, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, მერიიდან 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი აქვს ჩარიცხული. თუმცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ თორნიკე შიოლაშვილის უკან გიგი უგულავას ყოფილი მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი დგას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ენკოს მერია კონტრაქტს ისე უფორმებს, რომ ტენდერი არც კი ცხადდება. კომპანია ენკო ლუბლიანას ქუჩაზეა რეგისტრირებული. პოსტსკრიპტუმის გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ მისამართზე თავად თორნიკე შიოლაშვილი ცხოვრობს. თუმცა ის ჩვენ გადამღებ ჯგუფს სახლში არ დახვდა, სატელეფონო საუბრის დროს კი ბრალდებებზე არ ისაუბრა. მის მსგავსად ბრალდებებზე არ უსაუბრია გიგი უგულავას ყოფილ მოადგილეს ტარიელ ხიზანეიშვილს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით ხიზანეიშვილი ბრიჯმარკეტის მფლობელია. არასამთავრობო ორგანიზაცია სიმართლის თაობაში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერია უგულავას საქმეზე პროკურატურის მთავარ მოწმესთან ასობით ათას ლარიან მომსახურების შეთანხმებას ტენდერის გარეშე აფორმებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უგულავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები და ამ ჩვენებების ავტორებისთვის გადარიცხული თანხები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს.

მერიის მიერ დარღვევით ჩატარებული ტენდერების შესახებ, დასკვნას ახლა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს. დოკუმენტის წინასწარ ვერსიაში პირდაპირ წერია, რომ თბილისში დარღვევით ჩატარებულმა ტენდერებმა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვანზე, სადაც თბილისის მერიის დარღვევის შესახებ არის საუაბრი დავით ნარმანია კომენტარს არ აკეთებს.

ავტორი: ნოდარ მელაძე

 

 

დღის ამბები