პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა "ფრანკლინის კლუბის" თანადამფუძნებლის განცხადება.
"ჩვენ ოპოზიციას მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო შევუწყვეთ ხელი, ახლა უკვე მათი ჯერია" - აცხადებს ალექსანდრე ზიბზიბაძე ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში და ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს რომ მიეღოთ გადაწყვეტილება არჩევნებზე ერთად გავიდნენ, ცალ-ცალკე, თუ ბლოკებად, ამაშიც ჩართული იყო სამოქალაქო საზოგადოება.
"ფრანკლინის კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებლის მოწოდებას ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, სადაც ამბობენ, რომ სამოქალაქო სექტორს საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა აპრილი-მაისის მიმდინარე აქციების წარმართვაში და მათ აქვთ საფუძვლიანი უფლება იმისა, რომ მოითხოვონ მეტი რეაგირება ოპოზიციისგან და ერთიანობის სურვილიც გამოთქვან, რათა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.
"სამოქალაქო საზოგადოებას ახლაც აქვს ძალიან დიდი როლი, მაგრამ ვფიქრობ, ამ განცხადებაში იგულისხმება ის, რომ საზოგადოებამ როგორც საზოგადოებამ, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური კომფორტის გარეშე გააკეთა მართლაც ბევრი, გააკეთა თავისი მაქსიმუმი. ვნახეთ, რომ ადამიანები იბრძოდნენ თავდაუზოგავად იმ შედეგებისთვის, რაც სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით მიიღწვა თბილისის ქუჩებში. ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე, რომ ოპოზიციამ შეძლოს და სწორად წარმართოს დარჩენილი 3.5 თვე,“ - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.
ოპოზიციის მეორე ნაწილის თქმით, ისინი არ არიან ანგარიშვალდებულნი "„ფრანკლინის კლუბის" წევრებთან და ზოგადად სამოქალაქო სექტორის ე.წ. წვლილი პოლიტიკურ პროცესში მათი აზრით, არის მინიმალური.
"ფრანკლინის კლუბი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩვენ რა გვეშველებოდა. ფრანკლინის კლუბთან დაკავშირებით კითხეთ იმ ოპოზიციას, თუ ეხმარებოდა, ვისაც ეხმარებოდა. ჩვენ არაფერში არ გვჭირდება არც ფრანკლინის კლუბის, არც მათი თანადამფუძნებლების, არც მსგავსი სხვა ორგანიზაციების დახმარება", - აცხადებს გახარიას პარტიის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.