16 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება და არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა" - ვაშინგტონში NATO-ს საიუბილეო სამიტი მიმდინარეობს

ვაშინგტონში NATO-ს საიუბილეო სამიტი მიმდინარეობს. ფორუმი, რომლის მთავარი თემაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომია, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ილია დარჩიაშვილი პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს ტარდება. გარდა ამისა, გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი გამართავს მასშტაბურ სადილს, სადაც შესაძლებლობა ექნება ისაუბროს გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით და დასახოს სამომავლო გეგმები.

"დღეს, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მართავს მასშტაბურ სადილს, სადაც მოწვეული იქნებიან, პრაქტიკულად, ყელა რეგიონის პარტნიორობის წევრები. ამავე დროს, მას ექნება საშუალება, გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბროს კოლეგებთან, ისევე როგორც დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები, როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად და მიზნად კვლავ ევროატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება რჩება.

"დღის განმავლობაში, ამ ღონისძიებებში ჩართულობისა და საქართველოს პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა იქნება, ასევე იქნება შესაძლებელი პარტნიორებთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლისა და შემდეგი თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე საუბრის. მთავარი არის ის, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება და არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოს წევრობა აღნიშნულ ორგანიზაციაში", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები