საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს ოთარ შამუგია შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების, ბიო მრავალფეროვნების კონსერვაციის და კლიმატის ცვლილებების შერბილების კუთხით სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
მინისტრმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს მიმდინარე პროექტები გააცნო და ყურადღება საკანონმდებლო მიმართულებაზე გაამახვილა. მინისტრმა პარტნიორებს რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მივაწოდეთ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, გარემოს დაცვით მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებზე, რომელსაც ვახორციელებთ, რათა მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, მეწარმეებს. გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა გაეროს ორგანიზაციებთან. ამჟამადაც არაერთ პროექტს ვახორციელებთ მათი მხარდაჭერით", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან წლების განმავლობაში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გაერო საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
"ვაგრძელებთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, კლიმატის ცვლილების შერბილების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვხედავ გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მდგრად განვითარებას საქართველოში და შემცირდეს სიღარიბე, რაც ეროვნული პრიორიტეტია, აუცილებელია ადგილობრივ საზოგადოებასთან მუშაობა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა", - განაცხადა დიდიე ტღებიუკმა.