16 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
როგორც პოლიტიკოსმა შემიძლია ვთქვა, რომ ვემხრობი გამჭვირვალობას - გრიგოლ გეგელია

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" კვლევის შედეგები წარადგინა. 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კვლევის შედეგებით, არასამთავრობო ორგანიზაციების 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია, 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო, 68%-ს კი არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის კი, "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევა სანდო არ არის.

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, როგორ პოლიტიკოსისთვის, მისთვის გამჭვირვალობა მისაღებია, თუმცა "ქართულ ოცნებას" რეალური გამჭვირვალობა არასდროს ნდომებია.

"ათასობით ორგანიზაცია არსებობს, როგორც არასამთავრობო, ასევე სხვა სტატუსის, ამიტომ მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც პოლიტიკოსმა შემიძლია ვთქვა, რომ ვემხრობი გამჭვირვალობას, ოღონდ, რომელიც მართლა გამჭვირვალეობაა, რომელიც მართლა კორუფციის წინააღმდეგ არის მიმართული და რომელიც, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ისეთ სტანდარტებს დაამტკიცებს, როდესაც გამჭვირვალე იქნება აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ეს არასდროს არ ნდომია", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა ფარულავა კი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ამ ფორმით ქვეყანაში რუსული პროპაგანდა გაატაროს, თითქოს, გამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციები გაუმჭვირვალენი არიან.

"მათი მცდელობაა, პროპაგანდა გაატარონ და თითქოს გამჭვირვალე ორგანიზაციებს გაუმჭვირვალე დაარქვან. ეს არის, სწორედ, რუსული დღის წესრიგი. მნიშვნელოვანი არჩევნებია, სამოქალაქო საზოგადოება უნდა გადარჩეს, სამოქალაქო საზოგადოება უნდა განვითარდეს და "ნაციონალური მოძრაობა", "ერთობა" იქნება ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც დაიცავს ევროპულ დღის წესრიგს და სამოქალაქო საზოგადოებას", - განაცხადა ნიკა ფარულავამ.

დღის ამბები