"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამართული შეხვედრის დეტალები უცნობია მმართველი გუნდისთვის, თუმცა მათთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. მმართველ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" იყო აუცილებელი და საჭირო, რათა მსგავსი სახის ქმედებებს მოეფინოს ნათელი.
"ლომჯარიები და გიგაურები, ვითომ არასამთავრობო და "ნეიტრალურები," შეხვედრას აწყობენ ადგილობრივებთან და მიწვეული ჰყავთ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ალაპარაკებთ ჩვენს ლიდერებზე, ალანძღვინებთ ჩვენს პოლიტიკას და წინასაარჩევნოდ რაღაც დაპირებებსაც კი მოვკარი ყური - ეს არის მიუღებელი, ეს არის უხეშად ჩარევა. ამიტომაც იყო აუცილებელი, რომ მიგვეღო ეს ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რითაც ყველას ჩამოვხსნით ნიღაბს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, "პოლიტიკურ თავხედობასთან ერთად, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების." მისივე შეფასებით, დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობისა კანონი არის იმდენად საჭირო, რომ მას სხვა ქვეყნებიც კი იღებენ.
"ახლა არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი დგას და საუბრობს იმაზე, რომ აქ მომავალში, როგორ შეიძლება რევოლუციური სცენარები განავითარონ და ის შავი ფული, რომელსაც უკვე აღარ მალავენ, რომ ერიცხებათ, უცხოელებიც აღარ მალავენ, რომ ურიცხავენ, როგორ მოახმარონ აქ მოლოტოვის კოქტეილების შეძენას და ათას უბედურებას საქართველოში, რადიკალურ პროცესებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რეგიონებში შეხვედრებს მართავს, რომელშიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. იმერეთისა და სამეგრელოს შემდეგ, შეხვედრა აჭარაში ჩატარდა, რომელშიც "ლელოს" წევრი გიორგი უშიკიშვილი, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მონაწილეობდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი საუბრობენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, "გამჭვირვალობის კანონზე," ქვეყნის ევროპულ მომავალსა და არჩევნების მნიშვნელობაზე.