16 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"ქართული ოცნების" დირექტივებს ვერ მივყვებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა დონორებთან" - რა შეფასებები კეთდება NGO-ების მხრიდან ახალ კვლევაზე

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ ახალი კვლევას არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, სამოქალაქო სექტორში შეფასებები უკვე მოჰყვა. როგორც NGO-ების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი და ვალდებულება დონორებთან. მათივე თქმით, არ არიან ვალდებულნი, მმართველ გუნდის "დირექტივებს მიჰყვნენ."

"აბსურდული მონაცემებია მოტანილი. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ საიტზე მითითებული გვაქვს ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლების პროცესია. სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით.

წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ძალიან ფორსმაჟორულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა და ეს განსაკუთრებით ეხება "რუსულ კანონს." ჩვენ, სულ მცირე, 2 თვის განმავლობაში, ქუჩაში მოგვიწია დგომა, რაც ძალიან ართულებს სამუშაო პროცესს. ჩვენ "ქართული ოცნების" დირექტივებს ვერ მივყვებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა დონორებთან და ნდობა ამ ორგანიზაციებთან, რომლებიც მხარს გვიჭერენ დემოკრატიის პროცესში," - განაცხადა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ახალ კვლევას ასაჯაროებს. ჩატარებული კვლევის შედეგებზე, დღის პირველ ნახევარში, გივი მიქანაძემ ისაუბრა. დეპუტატმა კვლევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ წარადგინა, რომლებმაც, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კვლევამ აჩვენა, რომ 121 ორგანიზაციიდან 22 პროცენტს ოფიციალური ვებგვერდი არ აქვს. 31 პროცენტს არ აქვს პროექტების დასახელება, არ უთითებს დონორს, 45 პროცენტს არ აქვს მითითებული ვადები, 65 პროცენტს კი - გრანტის ოდენობა. 34 პროცენტს არ აქვს მითითებული ინფორმაცია ორგანიზაციის გუნდის წევრების შესახებ, 79-ს კი არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში.

დღის ამბები