16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ვინმემ თუ წააგო, ეს არის საქართველო და ქართველი ხალხი, რადგან ათობით ათასი სამუშაო ადგილია დაკარგული ამ ყველაფრის შედეგად - გრიგოლ გეგელია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე

"არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე. ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი" - განცხადება პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან გააკეთა. ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს იყო ლოგიკური შედეგი, რადგან სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად - რამდენჯერმე გადაუვადა ვადები, თუმცა ხაზარაძემ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა.

ყოფილი ბანკირი და ანაკლიის კონსორციუმი საერთაშორისო სასამართლოში დამარცხდნენ. მოსარჩელეები, მიყენებული ზიანისთვის, საქართველოს ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარ დოლარსაც ითხოვდნენ, თუმცა, პარიზში მიღებული გადაწყვეტილებით, მათ, ქვეყნის სასარგებლოდ, 650 ათასი დოლარის გადახდაც დაეკისრათ.

ოპოზიციის ნაწილი და ხაზარაძის თანაგუნდელები ამბობენ, რომ არბიტრაჟმა არცერთი მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით ისევ და ისევ საქართველომ წააგო, ვინაიდან ათობით ათასი სამუშაო ადგილი არის დაკარგული.

"არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა არცერთი მხარის სარჩელი, ეს არის ობიექტური მოცემულობა, არც ერთის და არც მეორე მხარის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვინმემ თუ წააგო, ეს არის საქართველო და ქართველი ხალხი, რადგან ათობით ათასი სამუშაო ადგილი არის დაკარგული ამ ყველაფრის შედეგად, თუმცა, რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ვამბობთ, რომ დავაბრუნებთ როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, ასევე - ათობით ათას სამუშაო ადგილს თითოეული ქართველისთვის და საქართველოსთვის,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები