სენატში გამართულ მოსმენას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია შეიცვალოს რამდენიმე საკითხი, მათ შორის - არჩევნების სამართლიანად ჩატარება, გამჭვირვალობის კანონი და ჩინეთთან ურთიერთობა.
მათი თქმით, ჯეიმს ო"ბრაინის გზავნილებიც სწორედ ეს იყო.
"პირველი და მთავარი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც დემოკრატიის გამოხატულებაა და ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რეალურად აირჩიოს, საით უნდა ქვეყნის წაყვანა. მეორე, ეს არის რუსული კანონი, რომელიც უნდა მოვიდეს ევროპულ სტანდარტში და მესამე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, რბილად რომ ვთქვათ, დიდად მხარს არ უჭერს. შესაბამისად, ამ სამი საკითხის შეცვლის შემთხვევაში, გადატვირთვის შესაძლებლობა არსებობს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად ამბობს უარს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
“სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს ხელისუფლება, რომელიც თვითონ ამბობს უარს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ნაცვლად იმისა, რომ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, შეეცადოს საქართველოს წინსვლას, საქართველოში გაჭირვების, სიღარიბის, უმუშევრობისა და უსასრულო ემიგრაციის ტალღის შეჩერებას," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.