სენატში გამართულ მოსმენას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო"ბრაიენის გზავნილებს ეხმაურება, რომელიც სამი კონკრეტული პირობის შესრულებას ეხება. მათ შორის არის, არჩევნების სამართლიანად ჩატარება, გამჭვირვალობის კანონი და ჩინეთთან ურთიერთობა.
"ეს კანონი გახლავთ ევროპული ყაიდის, რადგან ის არის დემოკრატიული, დამნდობი. არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვინმეს საქმიანობა შეზღუდოს. არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და იქნება უპრეცედენტოდ მშვიდობიანად ორგანიზებული პროცესი, თუ ამას ხელოვნურად არ შეუშლიან ხელს, ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ პარტიებს, ისინი არიან ექსტრემისტები. სამწუხაროა, რომ ამაში მათ ეხმარებიან მათ შორის, დასავლელი დონორები. ვინ აუკრძალა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ინვესტორებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ ტენდერში? ჩვენ ველოდით მათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველ რიგში, მაგრამ, სამწუხაროდ, შტატებიდან არცერთმა ინვესტორმა არ ისურვა ტენდერში მონაწილეობის მიღება. მთელი სამყარო ცდილობს, რომ რამენაირად დაამყაროს, როგორც მინიმუმ, ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან,“ - აცხადებს ბექა ოდიშარია.