"ქართული ოცნების" წარმომადგენლები მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს გამოეხმაურნენ, სადაც სააკაშვილი რომ მისი პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა სხვადასხვა შეხვედრაზე, რისთვისაც მან შაჰინს და ტერნერს მადლობა გადაუხადა. თუმცა, მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია, რომ ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიცრუე არის მთავარი იარაღი, რითაც ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილი.
"ტყუილი არის მისი ცხოვრების წესი, აქედან გამომდინარე, როგორც იტყვიან - "ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო." მიხეილ სააკაშვილი იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ მომწამლეს, იტყუებოდა როდესაც ამბობდა, რომ მაწამებენ, იტყუებოდა როდესაც ამბობდა, რომ არ მკურნალობენ და როდესაც ამბობდა რომ შიმშილობდა.
ყველა ფეხის ნაბიჯზე, როგორც კი მიკროფონთან კომუნიკაციის რაიმე საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული," - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრმა, ლევან მაჭავარიანმა კი აშშ-ს საელჩოს საკითხზე დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის საელჩოს, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ამ საკითხთან დაკავშირებით და განუმარტა საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა. თუ რა მიზანს ემსახურებოდა თვითონ სააკაშვილის პოსტი, იგი მიჩვეულია და სისხლში აქვს გამჯდარი რომ საზოგადოება მუდმივ ტყუილში ამყოფოს. როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, შებრუნებულ რეალობაში აცხოვრებდნენ საზოგადოებას და ახლაც იმავე ხაზით აგრძელებენ მუშაობას, არამხოლოდ თვითონ, არამედ მისი თანაგუნდელებიც. მიჩვეულები არიან მოკლევადიანი ტყუილებით 2-3 დღის გადაგორებას," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.