საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, განხილვის თემაა ხელისუფლების შეთავაზება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე. კონსულტაციებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტებიც ესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.
"საუბარი და შეთავაზება იყო კონსტიტუციურ ჩანაწერზე, ამიტომ ამ ჩარჩოში იქნება განხილული," - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლ ბერბიჭაშვილის განცხადებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს მედიასთან დეტალებზე, რომელიც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე ხელისუფლების შეთავაზებას ეხება.
"გავარკვევ რას გვთავაზობენ და გეტყვით პასუხს. 2002 წელს როცა მზადდებოდა კონსტიტუციური შეთანხმება, სხვადასხვა ვერსიები და ვარიანტები იქნა შესწავლილი და იქნა არჩეული საუკეთესო. გამოვალ - დანარჩენს გეტყვით," - აცხადებს გრიგოლ ბერბიჭაშვილი.
კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
"დავიცადოთ, ვნახოთ რას გვთავაზობენ, როგორ არის და მერე გეტყვით. არაფერი ვიცი ჯერ, ახლა მოვდივარ პირდაპირ შეხვედრაზე," - აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, კონსტიტუციონალისტმა, ჯონი ხეცურიანმა.
"რაც შეეხება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, აქ მოქმედებს სხვა პრინციპი. ეს ევროპის ქვეყნებში არის. როდესაც სახელმწიფო რელიგიად აღიარებენ, დაქვემდებარების, ანუ სუბორდინაციის პრინციპია, როცა ან ეკლესია იმორჩილებს სახელმწიფოს, ან სახელმწიფო იმორჩილებს ეკლესიას. ჩვენთან მაღალ დონეზეა მოწესრიგებული კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ცვლილების შეტანა მხოლოდ მხარეთა თანხმობით შეიძლება ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის, სხვა ვერანაირი ცვლილება მასში ვერ შევა," - აცხადებს ჯონი ხეცურიანი.