16 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
მიენიჭება თუ არა მართლმადიდებლურ ეკლესიას ახალი სტატუსი - რა შესთავაზა ხელისუფლებამ და რას პასუხობენ მღვდელმთავრები

სამოციქულო ეკლესია მმართველი პარტიის შეთავაზებაზე მსჯელობას გააგრძელებს. საუბარია, საკონსტიტუციო ჩანაწერზე, რომელმაც მღვდელმთავრების თქმით, ეკლესიის პოზიციები კანონით კიდევ უფრო უნდა გაამყაროს. პოტენციური საკონსტიტუციო ჩანაწერის შინაარსზე დღეს საპატრიარქოში, სასულიერო პირები და იურისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ყველა მათგანი ხელისუფლების ჟესტს იწონებს, თუმცა ამბობს, რომ საკითხის ნაჩქარევად გადაწყვეტა არ შეიძლება.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში გარკვეულ ძალებს სამოციქულო ეკლესიის დასუსტება მიზანმიმართულად სურთ, მნიშვნელოვანია ინსტიტუტის გაძლიერება - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" დღეს განმარტეს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად მზად არიან კონსტიტუციაში დამატებით ჩანაწერი გააკეთონ. მათი თქმით, საკითხი ჯერ მხოლოდ კონსულტაციების საგანია და მას საპატრიარქოს დამოუკიდებლობასთან შემხებლობა არ აქვს.

მმართველი გუნდის შეთავაზებასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, "ოცნებამ" საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. რაც მათი თქმით, საარჩევნო ტაქტიკის ნაწილია და პარალელურად, მიზნად ინსტიტუციის დამოუკიდებლობის შეზღუდვას ისახავს.

ოპონენტების პოზიციას მიზანმიმართულ მანიპულაციას უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, შეთავაზება რომელიც ახლა განიხილება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას არ გულისხმობს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ინიციატივის მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში, კონსტიტუციაში სამოციქულო ეკლესიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებაა.

რა სახეს მიიღებს საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციები ქვეყნის მთავარი კანონით უნდა გაამყაროს - ამ კითხვაზე პასუხი საპატრიარქოში კონსულტაციების საბოლოოდ დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები