მოძრაობა "სირცხვილიას" გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისინი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირდებოდნენ, კვლავ პოლიტიკური განხილვების მთავარი თემაა. სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალა და რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე მიესალმება "სირცხვილიას" გადაწყვეტილებას, რომემლმაც რეესტრში რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.
"შეცდომას ბევრი უშვებს, მთავარია, შეცდომა დროულად გამოასწორო. მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, რომ არ რეგისტრირდებიან რუსულ რეესტრში. სამოქალაქო სექტორი, ქართველი ხალხი - ყველა ერთად გავიმარჯვებთ ოქტომბერში და გავაუქმებთ ამ კანონს. 27-ში ეს კანონი აღარ იარსებებს," - გააცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ორგანიზაცია "სირცხვილიას" თავდაპირველი გადაწყვეტილება არასწორი იყო, რაც ხელისუფლების თამაშში აყოლას ნიშნავდა, ხოლო ამის შემდეგ, ორგანიზაციის მხრიდან მტკიცება, რომ სისტემას ებრძვიან არადამაჯერებელი იქნებოდა.
"არ მგონია, რომ სწორი იყოს რეგისტრაცია. რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ მოგაწებებენ დამღას. რაზე არის გათვლა ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეს ნიშნავს, რომ მიყვები თამაშში და ემორჩილები. ამის შემდეგ, საუბარი იმაზე, რომ სისტემის წინააღმდეგ იბრძვი - არადამაჯერებელია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.