ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა, მმართველი გუნდის წევრების შეფასება მოჰყვა.
მამუკა მდინარაძე კრამერის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ, შიდა ძალებთან ერთად, გარე ძალები შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე გავლენა მოახდინონ:
"კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა რომ არის და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს. რამდენად სერიოზული და ადეკვატურია ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ძალიან კარგად განსჯის. თუმცა, ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ჩარევა გარედან. ომის პარტიის წარმომადგენლები შიგნით თუ გარეთ, შეეცდებიან საარჩევნო პროცესებზე გავლენა მოახდინონ. ჩვენი ოპონენტები, თავის მხრივ ეს გულმხურვალე აგენტურა, შეეცდება მაშველი რგოლი კარგად გამოიყენოს. შესაბამისად, საქართველო არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ასეთი უხეში ჩარევების მიხედვით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება, საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
"ვფიქრობ, რომ ბატონი ივანიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტიის ნაწილია, უხერხული და შეურაცხმყოფელია" - ეს განცხადება ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის მმართველმა დირექტორმა დევიდ კრამერმა გააკეთა.