20 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
დარჩება თუ არა ერმაკოვის ჯიხურები ბათუმში - მეპატრონეები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ

ბათუმელი გარემოვაჭრეები პროტესტის გამოსახატავად დღეს თბილისში ჩამოვიდნენ.

საქმიანობისთვის ნებართვას ისინი მთავრობას და პრემიერმინისტრს სთხოვენ. ბათუმის მერიამ მათ ჯიხურების აღება მოსთხოვა, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ 40–ზე მეტი ოჯახი ზამთარს შემოსავლის გარეშე შეხვდება და ახალი პროექტის განხორციელებამდე მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.

ბათუმის მერიაში მიაჩნიათ, რომ ჯიხურები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მათი განმარტებით, გარემოვაჭრეებისთვის მიცემული ვადა ამოწურულია და ქალაქის ხელმძღვანელობა კონსტრუქციების აღებას გეგმავს.

ახალი ადგილებისა და დიზაინის მოძიების შემდეგ კი გიორგი ერმაკოვი გარემოვაჭრეებს კონკურსში მონაწილეობას ურჩევს, თუმცა მომავალი ზაფხულის სეზონამდე ახალი ჯიხურების დადგმა არ იგეგმება.

გარემოვაჭრეები მზად არიან რკინის კონსტრუქციები სხვა მასალით დაფარონ და ჯიხურები ბათუმის იერსახესთან შესაბამისობაში საკუთარი სახსრებით მოიყვანონ.

ბათუმის საბაგიროს ტერიტორიიდან ჯიხურები ბათუმის მერიამ შესაძლოა დღეს ღამით აიღოს. 

ავტორები: თეონა ცხომელიძე, თეა ვაშალომიძე. 

 

დღის ამბები