პლატფორმა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი ლაშა ბაქრაძის განცხადებებში სიძულვილის ენის გამოვლინებას ვერ ხედვას.
ენმ-ში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ცდილობს ყველა განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით წარმოაჩინოს.
"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ყველა განცხადებაზე არასწორად მოაბას "ქოთანს ყური," მაგრამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის პარტია, რომელიც ძალადობს ქართველ ხალხზე და მათ შორის, პირველ რიგში, ქართველ ქალებზე, რომელთაც აიძულებს სიღარიბის და სიღატაკის გამო დატოვონ თავიანთი შვილები," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა და პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
"ლელოში" აცხადებენ, რომ თავად მმართველი პარტია გამოირჩევა ქალების მიმართ სიძულვილის ენით.
"დღეს საქართველოს მართავს რუსული პოლიტიკური ძალა, რომელიც გარდა იმისა, რომ ქართველ ხალხს დაერია, ასევე, განსაკუთრებული სიძულვილით არის აღსავსე აქტიური ქალების მიმართ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაანადგუროს ქალების აქტიური როლი ჩვენს საზოგადოებაში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრების შეფასებას, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები გენდერული ნიშნით თავდასხმა, რაც ასუსტებს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
"ეს განცხადება არის გენდერული ნიშნით თავდასხმა, რაც ასუსტებს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და უქმნის საფრთხეს დემოკრატიას. დემოკრატიის საფრთხის შექმნა ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორც "ნაციონალური მოძრაობიდან," ასევე, "ქართული ოცნების" მხრიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევძლოთ იმ დოზით არჩევნებში გამარჯვების მიღება, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩავაბაროთ," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა:
"დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და იმ "ნახმარ სახეებს," რომლებიც აქვთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს," - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.