პუბლიცისტიკიდან პოლიტიკაში გადასული ლაშა ბაქრაძის განცხადება რეზონანსული აღმოჩნდა. სააკაშვილის პარტიის ქვეშ გაერთიანების ახალი სახე, სექსისტური გამონათქვამებით საარჩევნო შეხვედრაზე გამოვიდა, თუმცა დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილა.
"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ქმედებას მიუღებელი უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ყველა პოლიტიკურ ძალას ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მსგავსი მეთოდებით წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზებას ცდილობს.
ბაქრაძის პოზიციის დაცვა, დღეს მისმა თანაგუნდელებმა და ოპოზიციის ნაწილმა სცადა. ახალ კოალიციაში ლაშა ბაქრაძის მიერ გამოყენებული ტერმინების ეთიკურობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ.
ერთადერთი, ვინც ოპოზიციიდან კოლეგის საქციელი დაგმო - თეონა აქუბარდია აღმოჩნდა. დეპუტატმა დღეს წარსულიც გაიხსენა. გახარიას ახალი თანაგუნდელი, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს თანაბრად ხედავს.
მიზანმიმართული პროვოკაციული კამპანია საარჩევნო პროცესის ძალადობრივ ჭრილში გადასაყვანად - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. ლიდერების აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" სტილი უცვლელია. მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური ძალის მიერ ტრადიციად დანერგილი სიძულვილის კამპანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში მოხვდება.
რამდენიმე დღეა მმართველი გუნდი ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრობს. ჯერ იყო ნაცმოძრაობის ბანერები, ახლა კი ლაშა ბაქრაძის სექსისტური განცხადება. "ქართული ოცნება" სადამკვირვებლო მისიებს თანაბარი მიდგომისა და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.