სოფელ გეგუთში, ოპოზიციის აქტივისტისა და "ქართული ოცნების" წევრების დაპირისპირებას, რასაც მმართველი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მოჰყვა, სოფო ჯაფარიძე გამოეხმაურა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მომხდარს სამწუხარო ფაქტს უწოდებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ წლების განმავლობაში დათესილ სიძულვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
"ძალიან მძიმე ფაქტია. სამწუხაროდ,"ქართული ოცნება", 12 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ნერგავს სიძულვილსა და ზიზღს საზოგადოებაში, რასაც, საუბედუროდ, ეწირებიან ჩვენი მოქალაქეები. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", მოქალაქეებს მოუწოდებს სიმშვიდისკენ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. ფაქტს წინ ოპოზიციის აქტივისტთან შელაპარაკება უძღოდა. კადრები იქვე მდებარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, როლანდ ნუცუბიძემ "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადად ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა, რის მერეც, "ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.