16 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. ცესკო-ში ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები, როგორზეც ოპოზიციაში საუბრობენ, საარჩევნო პროცესის დროს აქამდე არასდროს გამოვლენილა.

მათივე განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ცესკოს მხრიდან რეაგირება შესაბამისი იქნება.

"გამართლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოლოდინები. ტრადიციულად, ისმის საოლქო და სარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ბრალდებები, მაგრამ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის დროს, არასდროს დასტურდება მსგავსი ბრალდებები. გვინდა, შევახსენოთ ჩართულ მხარეებს, რომ დააკვირდნენ არჩეული საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობას, თუ მოხდება ისე, რომ კონკრეტული კომისიის წევრები დაარღვევენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ან ეთიკის კოდეს, რომელიც მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ამ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს ძალიან მკაცრ ზომებს", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ცესკოს ეუთო-ოდირის რეკომენდაციების დარღვევაში ადანაშაულებს. მიზეზი საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესია. თამარ კორძაიას მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ კომისიები გაუმჭვირვალე პროცედურებით დააკომპლექტა, რაც, მისივე მტკიცებით, არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

დღის ამბები