17 სექტემბერი 2024,   12:15
ვრცლად
მუზეუმელთა ალიანსის მესამე ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა

მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.

ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.

ასამბლეაში, რომელსაც გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს 200 მუზეუმის 500-ამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მესამე ასამბლეაზე თანამშრომლები გახლდნენ როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.

ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2024 წლის საუკეთესო მუზეუმელები არიან:

● თინათინ სოსანიძე - სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიული ეთნოგრაფიული მუზეუმის ძვირფასეულის სექტორის კურატორი, მრჩეველ-კონსულტანტი;
● როლანდ ისაკაძე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი;
● ჯუმბერ კოპალიანი - დმანისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი.

დღის ამბები