"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას ტყუილს უწოდებს. ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ახლა საქართველოსთვის გაყინულია 14 მილიარდი, რომელიც ხელმისაწვდომი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მომენტშივე ხდება.
საქმე იმაშია, რომ 14 მილიარდი ჯამური ბიუჯეტია ევროკომისიის მიერ 2021 წელს დამტკიცებული ფონდის- ეს ფონდი ფინანსურ დახმარებას- იგივე გრანტებს გასცემს კონკრეტულ პროექტებზე ქვეყნებიდან, რომლებსაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უკვე აქვთ გახსნილი ან ამის პოტენციური კანდიდატები არიან.
ამ ეტაპზე ბენეფიციარია შვიდი ქვეყანა -ალბანეთი, ბოსნია- ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ 14 მილიარდს საქართველო მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში მიიღებს.
"14 მილიარდი ევრო არის ის თანხა, რომელსაც საქართველო მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაში მიიღებს. მაგალითად პოლონეთის შემთხვევაში, რომელიც საქართველოზე ბევრად დიდი ქვეყანაა 245 მილიარდი დაიხარჯა, შესაბამისად ეს თანხა 14 მილიარდი არის კონკრეტული ფონდი, რომელიც არსებობს და არის ამის შესაბამისი დოკუმენტები. ის რომ ეს თანხა არ არსებობს, არის ტყუილი," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ 14 მილიარდიანი ფონდი ქვეყნის განვითარებისთვის არის განკუთვნილი.
"ეს ფონდი რაც არის, დაპირება კი არ არის, არამედ ეს არის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 14 მილიარდიანი ფონდი, რომელიც კარგ საქმეს ემსახურება.
გაწევრიანებამდე ქვეყანა, სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ინსტიტუციურად, თავსებადი ქვეყანა რომ გახდეს, იმისთვის არის ეს ფონდი. ეს არის ჩვენს მონდომებაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მიიღოს საქართველომ ამ 14 მილიარდიდან,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ 14 მილიარდი მხოლოდ საქართველოსთვის ვერ იქნება განკუთვნილი.
"ნაციონალური მოძრაობისგან" რა დაიჯერება, ეს რომ დაიჯერებოდეს. 14 ციფრი ერთადერთი იმას მეუბნება, რომ 14 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი ეს არის გაწევრიანებამდე ხელშეწყობის ფონდი, რომელიც მიემართება ყველა სტატუსის მქონე ქვეყნის განვითარებაზე. ნამდვილად არსებობს ასეთი ფონდი, მაგრამ 14 მილიარდივე საქართველოსი ვერ იქნება. ეს არის საერთო ფონდი და ამ ფონდიდან ბევრი ტრანში მიემართა ერთი და მეორე ქვეყნის მიმართულებით, ანუ ვინც გახსნა მოლაპარაკებები,"- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.