16 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
მათ ტყუილებს მოკლე ფეხებიც აღარ აქვს, საერთოდ ფეხები აღარ აქვს - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ საარჩევნო დაპირებას მმართველ გუნდში სიცრუეს უწოდებენ. ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ახლა საქართველოსთვის გაყინულია 14 მილიარდი, რომელიც ხელმისაწვდომი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მომენტშივე ხდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საზოგადოება ტყუილის ძალიან მალე ამჩნევს, შესაბამისად საზოგადოების შეცდომაში შეყვანით ისინი საკუთარ ამომრჩეველსაც კი დაკარგავენ.

"რა 14 მილიარდზეა საუბარი, მოდით დოკუმენტაციით გვაჩვენონ, ფაქტებით გაამყარონ. მათ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ჰგონიათ, რომ საზოგადოება ვერ აზროვნებს? როდესაც ასეთი ტყუილი ძალიან მალე გამოაშკარავდება თავისივე ამომრჩეველსაც დაკარგავენ და მიაქციონ ყურადღება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ტყუილებზე აღარ წამოეგება.

"22-ში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, გვიმტკიცებდნენ, რომ დავკარგეთ მილიარდები. შარშან მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, უკვე ვართ სტატუსიანი, სად არის ეს მილიარდები? მათ ტყუილებს მოკლე ფეხებიც აღარ აქვს, საერთოდ ფეხები აღარ აქვს. ქართული საზოგადოება ასეთ ტყუილებზე აღარ წამოეგება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები