საქალაქო სასამართლოში თამარ ჩერგოლეიშვილის პროცესი გადაიდო. სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. პროცესის გადადების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"მიზეზი რა თქმა უნდა არ განმარტეს, ეხლა ადვოკატებთან ვსაუბრობ, შეიძლება უკანონო დაკავებაზე ვუჩივლო კიდეც"-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ამავე თემაზე სასამართლოსთან კომენტარი გააკეთა დაკავებულების ადვოკატმა ოთარ კახიძემ და განაცხადა, რომ პლაკატების გაკვრა იქ, სადაც ჩერგოლეიშვილი და დანარჩენი 2 პირი აკრავდნენ აკრძალული არ არის.
"ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით პლაკატები როგორც ჩანს ამახინჯებს ქალაქის იერსახეს. ხარაჩოებზე, სადაც პლაკატები გაკრულია ახალი პლაკატების გაკვრა არ არის ქალაქის იერსახის დამახინჯება, "-აცხადებს ადვოკატი ოთარ კახიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროცესი ჩანიშნული იყო 17:00 საათზე, თუმცა ის გადიდო.
გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დღეს შუადღეს დააკავეს.
გამოძიება მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლით ედავება, რაც ქალაქის იერსახის დაზიანებას ითვალისწინებს.