ვიდეო, რომელიც გავრცელებისთანავე დიდი ხმაურის მიზეზი გახდა ამ დრომდე გამოძიების მასალებში დევს, თუმცა უცნობია რა ეტაპზეა მუხროვანის სპეცოპერაციის საქმის ძიებაში პროკურატურა.
კადრებში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, ასევე ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნებიც ჩანან.
ვიდეომასალაში, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს შორის ამჟამინდელი სპეციალური უსაფრთხოების დეპარტამენტის, სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილიცაა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რომელიც 6 წლის წინ, 2009 წლის 5 მაისს გავრცელდა – სამხედრო მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტის ლიკვიდირების მიზნით სამხედრო ძალების აჯანყება დაგეგმეს.
მაშინდელი გამოძიების მიხედვით სპეცოპერაცია სწორედ ამიტომ დაიგეგმა, რასაც შედეგად კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია მოჰყვა.
მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულები დღესაც აცხადებენ, რომ 2009 წელს ამბოხი არ იგეგმებოდა და პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.